Tuesday, March 2, 2010

ფიფქია

დიდი ხნის წინათ ერთ შორეულ სახელმწიფოში შვიდი ჯუჯა ცხოვრობდა. დღისით ისინი მიწის ქვეშ მუშაობდნენ, ძვირფას ქვებსა და ოქროს მოიპოვებდნენ, საღამოობით კი თავიანთ თავგადასავალს იგონებდნენ.

ჯუჯებს მსმენელები არ აკლდათ. მოდით, ჩვენც შევუერთდეთ მათ და მოვისმინოთ საინტერესო ისტორია.

ზამთრის ერთ საღამოს ფანჯარასთან იჯდა და ქარგავდა ახალგაზრდა, ლამაზი დედოფალი. შემთხვევით ნემსი თითში იჩხვლიტა და სისხლის რამდენიმე წვეთი თოვლით დაფარულ ფანჯრის რაფას დაეწვეთა. თეთრ თოვლზე ალისფერი სისხლის წვეთები რომ დაინახა, დედოფალმა ინატრა: ნეტავი გოგონა შემეძინოს, რომელსაც ზამთრის ღამესავით შავი თმა, სისხლივით წითელი ტუჩები და თოვლივით თეთრი პირისახე ექნებაო.

ახალგაზრდა დედოფალს იმავე წელს შეეძინა ნანატრი გოგონა, რომელსაც შავი თმა, ალისფერი ტუჩები და თოვლივით ქათქათა პირისახე ჰქონდა. პატარა პრინცესას დედამ ფიფქია დაარქვა.

დედოფალი მალე გარდაიცვალა. გავიდა დრო და მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ლამაზი, მაგრამ ბოროტი ქალი გამოდგა. ამასთან, იგი ჯადოქარიც იყო. იგი საათობით იჯდა თავისი ჯადოსნური სარკის წინ, ტკბებოდა თავისი სილამაზით და ეკითხებოდა სარკეს:

- ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?

სარკე ამ კითხვაზე ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა:

- ყველაზე ლამაზი უდავოდ შენ ხარ.

დრო გადიოდა, ფიფქია იზრდებოდა დღითიდღე ლამაზდებოდა.

ერთხელაც დედოფალმა, ჩვეულებიისამებრ, სარკეს ჰკითხა:

- ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?

სარკემ უპასუხა:

- ქვეყნად ყველაზე ლამაზი ფიფქიაა.

გააფთრებულმა დედოფალმა სარკე მოისროლა და გერის თავიდან მოშორება განიზრახა. მან მსახურს უბრძანა, გოგონა უღრან ტყეში წაეყვანა და იქ მოეკლა. მართლაც, წაიყვანა მსახურმა ფიფქია ტყეში, მაგრამ მოსაკლავად ვერ გაიმეტა და იქ დატოვა.

ბევრი იარა გოგონამ ტყეში. ბოლოს ტყის პირას მდგარ პატარა სახლს მიადგა. კარები ღია იყო და ფიფქია სახლში შევიდა. შიგნით ყველაფერი ისეთი პატარა იყო, თითქოს ამ სახლის მცხოვრებნი მხოლოდ ბავშვები ყოფილიყვნენ. ირგვლივ საშინელი უწესრიგიბა სუფევდა. ფიფქიამ სახლი დაალაგა, ცოტაოდენი რძე და პური მიირთვა, შემდეგ კი დაღლილი წამოწვა და დაეძინა.

საღამოს სახლში ჯუჯები დაბრუნდნენ. მათ დაუპატიჟებელი სტუმარი რომ შენიშნეს, შეეშინდათ და გადაწყვიტეს მოეკლათ. მაგრამ მძინარე ფიფქიას რომ მიუახლოვდნენ, მოეწონათ ლამაზი გოგონა, გააღვიძეს და ვინაობა ჰკითხეს.

ფიფქიამ ჯუჯებს თავისი თავგადასავალი უამბო. ბოტორი დედოფლის საქციელით აღშფოთებულმა ჯუჯებმა გოგონას მათთან საცხოვრებლად დარჩენა შესთავაზეს.

ფიფქია ჯუჯებთან დარჩა. იგი წესრიგს იცავდა სახლში, სადილს ამზადებდა, ხოლო საღამოობით მოუთმენლად ელოდებოდა პატარა მეგობრების დაბრუნებას.

კეთილმსა მსახურმა კი მოატყუა ბოროტი დედოფალი, ფიფქია მოვკალიო, მაგრამ ჯადოსნური სარკე კვლავ ამტკიცებდა: „ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ფიფქიააო“.

დედოფალი მიხვდა, რომ მოატყუეს და გადაწყვიტა, თავად მოეკლა გერი. ჯადოსნური ხრიკებით სახე შეიცვალა – მოხუც მათხოვარს დაემსგავსა. გაიგო ფიფქიას ადგილ-სამყოფელი, კალათაში მწიფე და ლამაზ ვაშლებთან ერთად მოწამლული ვაშლი ჩადო და ჯუჯების სახლისაკენ გასწია.

შორიახლოს დაუდარაჯდა. როდესაც ფიფქია სახლში მარტო დარჩა, მივიდა და ტკბილად გამოელაპარაკა:

- შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ მინდა ვაშლით გაგიმასპინძლდე, - უთხრა და მოწამლული ვაშლი გაუწოდა.

ფიფქიამ ლამაზი ვაშლი ჩაკბიჩა თუ არა, იქვე უსულოდ დაეცა. ბოროტი დედინაცვალი გახარებული დაბრუნდა სასახლეში.

საღამოს ჯუჯები სახლში დაბრუნდნენ. უსულოდ მყოფი ფიფქიას დანახვაზე ატირდნენ და ძალიან დაღონდნენ. მათ არ სჯეროდათ, რომ ბოროტება და შური სძლევდა სილამაზესა და სიკეთეს.

ჯუჯებმა ფიფქია ბროლის კუბოში ჩააწვინეს და მაღალი მთის მწვერვალზე დადგეს. პატარა ერთგული მეგობრები დღედაღამ დარაჯობდნენ თავიანთ პრინცესას.

გავიდა დრო. ერთხელ ამ ადგილებში მეზობელი სახელმწიფოს უფლისწული ნადირობდა. მთის მწვერვალზე მდგარ კუბოს მზე დაჰნათოდა და მისი ელვარება შორიდან მოჩანდა.

უფლისწული დაინტერესდა და მთაზე ავიდა. იქ ჯუჯები დახვდნენ და მას ფიფქიას თავგადასავალი უამებს. უფლისწულმა დახედა თუ არა პრინცესას, იმ წუთშივე შეუყვარდა გოგონა. თავი ვერ შეიკავა, დაიხარა და აკოცა.

ფიფქიამ თვალები გაახილა და გაოცებულმა მიიხედ-მოიხედა. სიყვარულმა ჯადოქრობაზე გაიმარჯვა და გააცოცხლა ფიფქია.

ფიფქიასაც ერთის ნახვით შეუყვარდა უფლისწული. უფლისწულმა იგი თავის სასახლეში წაიყვანა. მათ ჯვარი დაიწერეს და დიდხანს ცხოვრობდნენ ბედნიერად, მაგრამ არც თავიანთ პატარა მეგობრებს ივიწყებენ.

ბოროტმა დედოფალმა კი ჯადოსნური სარკის მეშვეობით გაიგო, რომ ფიფქია ცოცხალი და უვნებელი იყო. სიბრაზისაგან თვალთ დაუბნელდა და გული გაუსკდა. ასე დაამარცხა სიკეთემ, სილამაზემ და ერთგულებამ ბოროტი ძალები.

კონკია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვრივი კაცი, რომელსაც უმშვენიერესი კეთილი ქალიშვილი ჰყავდა. ერთხელ გადაწყვიტა მეორედ დაქორწინებულიყო. მაგრამ ცოლად ბოროტი, ეგოისტი ქალი შეხვდა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. შვილები დედას გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ხასიათით.

ქორწილის შემდეგ დედინაცვალმა მალევე გამოამჟღავნა ბოროტი ზნე. ის კარგად ხვდებოდა, რომ ლამაზი, გულკეთილის გერის გვერდით მისი ღვიძლი შვილები კიდევ უფრო უხასიათო და მახინჯები ჩანდნენ. ამიტომ გერი შეიძულა და აიძულებდა, სახლში ყველაზე ბინძური საქმე ეკეთებინა.

საბრალო გოგონა საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა, დების ოთახებს ალაგებდა და კიბეებს წმენდდა. თვითონ კი სხვენში ცხოვრობდა, ერთ ვიწრო და ბნელ საკანში. იგი ძალიან განიცდიდა თავისი უენო მამამისის ბედს, რომელსაც ახალი ცოლი საშინელ დღეში აგდებდა.

გოგონას ყველა კონკიას ეძახდა. მაგრამ კონკია თავის ძონძებში ასჯერ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი დები ძვირფას, ოქრომკერდით ნაქარგ კაბებში.

ერთხელ უფლისწულმა მეჯლისი გამართა და ყველა თავის ქვეშევრდომს მოსაწვევები დაუგზავნა. ამ ამბავმა კონკიას დები აღტაცებაში მოიყვანა. მთელი დღეები საგანგებოდ ამ შემთხვევისათვის შეძენილ ახალ-ახალ კაბებს იზომებდნენ.

- მე წითელ ხავერდის კაბას ჩავიცვამ, - ამბობდა უფროსი, - ხელით ნაქარგი მაქმანები რომ აქვს.

- მე კი ამ ჰაეროვან სამეჯლისო კაბას, - ამბობდა მეორე და, - ყელზე ბრილიანტებს გავიკეთებ, თავზე კი ოქროსფერ ყვავილებიან ქუდს დავიხურავ.

ყველაზე მოდური ვარცხნილობისათვის დები საუკეთესო პარიკმახერებთან გაიქცნენ რჩევისათვის. კონკიას შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა, ამიტომ რჩევა მასაც ჰკითხეს.

- მე თქვენ ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს შეგირჩევთ, - უთხრა კონკიამ.

დებმა პატივი დადეს და დათანხმდნენ. სანამ კონკია ვარცხნილობებს უკეთებდა, დები დაეკითხნენ:

- კონკია, შენ გინდა მეჯლისზე წამოსვლა?

- ვშიშობ, რომ მეჯლისზე არ შემიშვებენ, - უპასუხა კონკიამ.

- მართალი ხარ. მეჯლისზე შენი წარმოდგენაც კი სიცილს გვრის!

ნებისმიერი სხვა გოგონა შურს იძიებდა ასეთი დაცინვისათვის და მათ ვარცხნილობებს თივის ზვინს დაამსგავსებდა, მაგრამ კონკიამ საუკეთესოდ დავარცხნა დები. ისინი კმაყოფილები დარჩნენ. სულ სარკის წინ ტრიალებდნენ, ჭამაც კი აღარ ახსოვდათ.

ბოლოს, როგორც იქნა, ბალზე წასასვლელად გაემზადნენ. კონკიამ ჭიშკრამდე მიაცილა. მარტო დარჩენილს კი ცრემლები გადმოუგორდა. ამ დროს კონკიას ნათლია ფერიაც მოვიდა, რომ ენახა, რატომ ტიროდა მისი ნათლული.

- როგორ მინდა მეჯლისზე! – სლუკუნებდა კონკია.

- გააკეთე ყველაფერი, რასაც გეტყვი და მერე ვნახოთ, - უთხრა ფერიამ, - ბაღიდან დიდი გოგრა მომიტანე.

კონკია ბაღში გაიქცა და ყველაზე დიდი გოგრა მოიტანა. ფერიამ გოგრა გამოღრუტნა, შემდეგ ჯადოსნური ჯოხით შეეხო და ერთ წამში საუცხოო ოქროს ეტლად აქცია.

შემდეგ სათაგურიდან ექვსი პატარა თაგუნია გამოუშვა, ჯადოსნური ჯოხი მათაც შეახო და ექვს რაშად აქცია.

ახლა მეეტლეღა აკლდა.

- ვირთხა გამოდგება? – ჰკითხა კონკიამ.

- რა თქმა უნდა, - უპასუხა ნათლიამ.

კონკიამ ვირთხის საჭერი მოიტანა. ფერიამ ყველაზე გრძელულვაშიანი ვირთხა ამოარჩია და თავმომწონე, ჩასუქებულ მეეტლედ აქცია.

შემდეგ კონკიას უთხრა:

- ბაღის ჭიშკართან ექვსი ხვლიკი ზის. მომიყვანე.

კონკიამ სასწრაფოდ აღასრულა ბრძანებული. ფერიამ ისინი ლაქიებად აქცია და ეტლს აქეთ-იქით ამოუყენა.

- ახლა კი შეგიძლია მეჯლისზე წახვიდე, - თქვა ფერიამ. – კმაყოფილი ხარ?

- რა თქმა უნდა, - უპასუხა ბედნიერებისაგან გაბრწყინებულმა კონკიამ. – მაგრამ შეიძლება, ასეთი დაკონკილი მივიდე?

ფერიამ ჯოხი დაიქნია და კონკიას ძონძები ძვირფას, ოქრო-ვერცხლით მოქარგულ სამოსად იქცა, ხის ქოშები კი – ბროლის ფეხსაცმელებად, რომლებიც ზუსტად სამეჯლისო ცეკვებისათვის იყო ზედგამოჭრილი. კონკია თვალისმომჭრელად ლამაზი იყო.

როდესაც გოგონა ეტლში ჩაჯდა, ფერიამ გააფრთხილა:

კარგ დროსტარებას გისურვებ, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: მეჯლისი ზუსტად შუაღამეზე უნდა დატოვო. თუ ამას არ იზამ, შენი ეტლი გოგრად იქცევა, ცხენები – თაგვებად, მსახურები – ხვლიკებად, შენი ძვირფასი კაბა კი – ჭუჭყიან ძონძებად.

კონკია ნათლიას შეჰპირდა, რომ ზუსტად შუაღამეზე დატოვებდა მეჯლისს და ეტლიც დაიძრა.

მსახურებმა პრინცს მოახსენეს, ვიღაც მდიდარი და ულამაზესი უცნობი მოვიდაო. უფლისწული სასწრაფოდ გაეშურა მის შესახვედრად და სასახლეში შეუძღვა.

დარბაზს გაოცებისა და აღფრთოვანების მსუბუქმა შრიალმა გადაუარა. ყველა მზეთუნახავს მიშტერებოდა. მოხუცმა მეფემ დედოფალს გადაუჩურჩულა, ასეთი საოცრება დიდი ხანია, არ მინახავსო. ქალები ყურადღებით ათვალიერებდნენ კონკიას ჩაცმულობას და ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ, რომ მეორე დღესვე ზუსტად ისეთივე შეეძინათ, თუ მოახერხებდნენ.

პრინცმა გოგონა საცეკვაოდ გაიწვია. ოჰ, რა სასიამოვნოდ ცეკვავდა გოგონა.

მოიტანეს ვახშამი, მაგრამ პრინცს ჭამა სულ გადაავიწყდა, იგი თვალს ვერ აშორებდა მშვენიერ უცნობს. კონკია დებს გვერდით მიუჯდა და პრინცის მორთმეული კალათიდან ეგზოტიკური ხილით გაუმასპინძლდა. ასეთი პატივისაგან დებს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.

გახურებულ მეჯლისში კონკიას საათის რეკვა მოესმა, თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. კონკია ყველას დაემშვიდობა და სასწრაფოდ წავიდა. სახლში დაბრუნებულმა, მხურვალე მადლობა გადაუხადა ფერიას და სთხოვა, მეორე დღეს ისევ მიეცა მეჯლისზე წასვლის ნება, რადგან პრინცმა ძალიან სთხოვა. ფერია დაპირდა, რომ დაეხმარებოდა.

მალე დები და დედინაცვალიც დაბრუნდნენ. კონკიას ვითომ ეძინა, მთქნარებით გაუღო კარი.

დები საშინლად აღგზნებულნი იყვნენ მეჯლისზე უცნობი მზეთუნახავის გამოჩენით.

- ის ყველაზე ლამაზია ამქვეყნად, - სულმოუთქმელად ყვებოდა უფროსი და, - ჩვენ ხილითაც კი გაგვიმასპინძლდა.

კონკიამ გაიღიმა და ჰკითხა:

- რა ერქვა?

- არავინ იცის. პრინცი ყველაფერს მისცემდა, ოღონდ მისი ვინაობა შეეტყო.

- როგორ მინდოდა მისი ნახვა. არ შეგიძლიათ, თქვენი ძველი კაბა მათხოვოთ, რომ მეც შევძლო მეჯლისზე წამოსვლა? – ჰკითხა კონკიამ.

- რაა? შენ ჩვენი კაბის ჩაცმა გინდა? არასდროს! – უყვირეს დებმა.

კონკია დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოხდებოდა. ანდა ნება რომ დაერთოთ, რა უნდა ექნა? მეორე დღეს დები ისევ გაემგზავრნენ მეჯლისზე. კონკიაც მალევე წავიდა, ამჯერად უფრო მდიდრულად ჩაცმული, ვიდრე წინა დღეს. პრინცი ერთ წუთს არ ტოვებდა. ის კონკიას ისე სიყვარულითა და თავაზიანად ექცეოდა, კონკიას ფერიის გაფრთხილება სულ გადაავიწყდა. უცებ მოესმა, როგორ ჩამოჰკრა საათმა თორმეტი. კონკია სასწრაფოდ წამოხტა, დარბაზი დატოვა და გასასვლელისკენ გაიქცა. პრინცი დაედევნა. უცებ კონკიას ფეხიდან ბროლის ფეხსაცმელი წასძვრა. პრინცმა ფეხსაცმელი აიღო და გულის ჯიბეში ჩაიდო. კონკიამ სასახლის ჭიშკრამდე ძლივს მიაღწია, რომ ლამაზი კაბა ჭუჭყიან ძონძებად შეიცვალა, ეტლი, მეეტლე და მსახურები – გოგრად, თაგვებად და ხვლიკებად. ჯადოსნობისგან მხოლოდ ბროლის ფეხსაცმელი დარჩა.

კონკიამ სახლში დებზე ცოტათი ადრე მიირბინა. მათ ამჯერადაც უამბეს, რომ უცნობი მზეთუნახავი კვლავ გამოჩნდა. რომ ის კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე წინა დღეს, მაგრამ ისე მოულოდნელად გაქრა, რომ ბროლის ფეხსაცმელი დაკარგა. პრინცმა იპოვა და გულის ჯიბეში შეინახა. ყველა დარწმუნებულია, რომ უფლისწული უგონოდაა შეყვარებული უცნობ მზეთუნახავზე.

და მართლაც, მეორე დღეს უფლისწულმა გამოაცხადა, რომ იქორწინებს იმ ქალიშვილზე, რომელსაც ბროლის ფეხსაცმელი მოერგება. ფეხსაცმელი ყველამ ჩაიზომა: პრინცესებმა, თავადის ასულებმა, მაგრამ უშედეგოდ. მსახურებმა ფეხსაცმელი კონკიას დებთანაც მიიტანეს. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ ფეხსაცმლის ჩაცმას, მაგრამ ამაოდ.. მაშინ კონკიამ იკითხა:

- შეიძლება მეც გავისინჯო?

დები ახარხარდნენ. მაგრამ მეფის მსახურმა მიუგო:

ნაბრძანები მაქვს, ფეხსაცმელი სამეფოს ყველა ასულს გავასინჯო, გამონაკლისის გარეშე.

ფეხსაცმელი ზუსტად მოერგო კონკიას ფეხს, თითქოს მის ფეხზე ყოფილიყოს შეკერილი. მაშინ კონკიამ ჯიბიდან მეორე ბროლის ფეხსაცმელი ამოიღო. ირგვლივ ყველა გაშეშდა გაოცებისაგან.

უცებ ფერიაც გაჩნდა, კონკიას ჯადოსნური ჯოხი შეახო და ძვირფასად შემოსილ მზეთუნახავად აქცია.

აი, ახლა კი იცნეს დებმა კონკია. მის წინ მუხლებზე დაემხნენ და თავიანთი საქციელისათვის პატიებას ითხოვდნენ. კონკიამ აპატია და მეგობრობა შესთავაზა.

კონკია საპატიო ესკორტით სასახლეში წაიყვანეს, სადაც გულისფანცქალით ელოდებოდა ახალგაზრდა, ლამაზი პრინცი. რამოდენიმე დღეში მათ ჯვარი დაიწერეს და მდიდრული ქორწილი გადაიხადეს.

კონკია ისევე კეთილი იყო, როგორც ლამაზი. მან დები საცხოვრებლად სასახლეში წაიყვანა და მალე ცნობილ დიდებულებს მიათხოვა.

Monday, March 1, 2010

სამი გოჭი


იყო და არა იყო რა. იყო სამი გოჭი, სამი ძმა, სამივე ერთნაირი, ჩამრგვალებული, ვარდისფერი, ერთნაირი მხიარული კუდებით.

სახელებიც კი მსგავსი ჰქონდათ: ნიფ-ნიფი, ნუფ-ნუფი და ნაფ-ნაფი.

მთელი ზაფხული მწვანე ბალახში გორაობდნენ, მზეს ეფიცხებოდნენ, მინდორში დარბოდნენ.

მაგრამ, აი, დადგა შემოდგომა.

მზე ისე აღარ აცხუნებდა, გაყვითლებული ტყის თავზე რუხი ღრუბლები დაცურავდა.

- დროა, ზამთარზე ვიფიქროთ, - უთხრა ერთხელ ძმებს დილას ადრიანად გამოღვიძებულმა ნაფ-ნაფმა. – სიცივისაგან ვკანკალებ. შეიძლება გავცივდეთ. მოდით, სახლი ავაშენოთ და ზამთარი ერთად, თბილ ჭერქვეშ გავატაროთ.

მაგრამ მის ძმებს შრომა არ სურდათ. მიწის თხრასა და ქვების ზიდვას ერჩივნათ, ბოლო თბილი დღეები სეირნობასა და მინდორში ხტუნვაში გაეტარებინათ.

- მოესწრება! ზამთრამდე დიდი დროა. ჯერ გართობას კიდევ მოვასწრებთ, - თქვა ნიფ-ნიფმა და ყირაზე გადაკოტრიალდა.

- როცა დამჭირდება, სახლს ჩემთვის ავიშენებ, - თქვა ნუფ-ნუფმა და მინდორში გაიშხლართა.

- მეც, - დაამატა ნიფ-ნიფმა.

- როგორც გენებოთ. მაშინ მე მარტო ავიშენებ სახლს, - თქვა ნაფ-ნაფმა, - თქვენ ვერ დაგელოდებით.

ყოველი მომდევნო დღე წინაზე ცივი იყო, მაგრამ ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი არ ჩქარობდნენ. მათ შრომაზე ფიქრიც არ სურდათ. დილიდან საღამომდე ფუქსავატობდნენ, მთელ დღეს გოჭურ თამაშებში ატარებდნენ, ხტოდნენ და გორაობდნენ.

- დღესაც გავერთობით, - ამბობდნენ ისინი, - საქმეს კი ხვალ დილიდან შევუდგებით.

მაგრამ მეორე დღესაც იგივეს იმეორებდნენ.

ზარმაცი ძმები მხოლოდ მაშინ შეუდგნენ მუშაობას, როცა დილ-დილაობით ყინულის თხელმა ფენამ მინდორის დაფარვა იწყო.

ნიფ-ნიფმა იფიქრა, ყველაზე ადვილად და სწრაფად სახლს ლერწმისაგან ავაგებო. არავის არაფერს დაეკითხა, ადგა და მუშაობას შეუდგა. საღამოსათვის მისი ქოხი უკვე მზად იყო.

ნიფ-ნიფმა სახურავს ბოლო ლერწამი დაადო და თავისი ნახელავით მეტად კმაყოფილმა მხიარულად დამღერა:

ცის კიდემდე რომ იარო,
მოიარო მთა და ველი,
ჩემი სახლის მსგავს ლამაზ სახლს,
ვერსად, ვერსად ვერ შეხვდები.

სიმღერას რომ მორჩა, ნუფ-ნუფთან გასწია.

ნუფ-ნუფი ახლომახლო იშენებდა სახლს.

ის ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა მოსაწყენი და უინტერესო საქმე. თავიდან თავისი ძმის მსგავსად, სახლის აშენება მასაც ლერწმისაგან სურდა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ასეთ სახლში ზამთარში ძალიან შემცივდებაო. სახლი უფრო გამძლე და თბილი იქნება, თუ ტოტებისა და ფიჩხებისაგან ავაგებო. ასეც მოიქცა.

მიწაში სარები ჩაარჭო, მათ შორის ტოტები გადახლართა, სახურავზე გამხმარი ფოთლები დაახორხოლავა და საღამოს სახლი უკვე მზად ჰქონდა.

ნუფ-ნუფმა რამოდენიმეჯერ ამაყად შემოუარა სახლს და სიმღერა შემოსძახა:

მე რა კარგი სახლი მაქვს,
ახალი და კარგი,
არ მაშინებს ელვა, ქარი,
თოვლი და ზამთარი.

სიმღერის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ბუჩქიდან ნიფ-ნიფმა გამოყო თავი.

- აი, შენი სახლიც მზადაა! – უთხრა ნიფ-ნიფმა ძმას. – ხომ ვამბობდი, ამ საქმეს თავს ადვილად გავართმევთ-მეთქი. ახლა თავისუფლები ვართ და შეგვიძლია, რაც გვსურს, ის ვაკეთოთ!

- წამოდი ნაფ-ნაფასთან წავიდეთ. ვნახოთ, როგორი სახლი აიშენა! – თქვა ნუფ-ნუფმა.

- რაღაც დიდი ხანია, აღარ გვინახავს!

- წამოდი, ვნახოთ! – დათანხმდა ნიფ-ნიფი.

და ორივე ძმა, ძლიერ კმაყოფილნი იმით, რომ საზრუნავი აღარაფერი ჰქონდათ, ბუჩქებში გაუჩინარდნენ.

ნაფ-ნაფი მშენებლობაზე რამოდენიმე დღე მუშაობდა. ქვები მოზიდა, თიხა მოზილა და ახლა აუჩქარებლად იშენებდა სანდო, გამძლე სახლს, სადაც ქარის, წვიმისა და ყინვისაგან თავს შეაფარებდა.

მან სახლს მუხის მძიმე კარი ჩამოკიდა და ურდულიც დაადო, რომ მეზობელი ტყიდან მგელს ვერ შემოეღწია.

ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს ძმა მუშაობაში გართული დახვდათ.

- რას აშენებ? – ერთხმად წამოიძახეს გაკვირვებულმა ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა. – ეს გოჭის სახლია თუ ციხე-სიმაგრე?

- გოჭის სახლი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს! – მშვიდად მიუგო ნაფ-ნაფმა ისე, რომ მუშაობა არ შეუწყვეტია.

- ვინმესთან ბრძოლას ხომ არ აპირებ? – მხიარულად ჩაიღრუტუნა ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფს თვალი ჩაუკრა.

და ძმები ისე გამხიარულდნენ, მათი ჭყივილისა და ღრუტუნის ხმა შორეულ მინდვრებსაც კი მისწვდა.

ნაფ-ნაფი კი აგრძელებდა ქვებისაგან სახლის კედლების ამოყვანას, თან ღიღინებდა:

აი, მე რა ჭკვიანი ვარ,
ზუსტად ჭკუის კოლოფი,
ჩემს ქვის სახლში ვერ შემოვა
მხეცი, ძლიერ ბოროტი;
ამ კარებში რას შემოვა,
ადევს კლიტე-ბოქლომი.

- ეს რა მხეცზე ლაპარაკობს? – ჰკითხა ნიფ-ნიფმა ნუფ-ნუფს.

- შენ რომელ მხეცზე ლაპარაკობ? – ჰკითხა ნუფ-ნუფმა ნაფ-ნაფს.

- რომელზე და მგელზე! – უპასუხა ნაფ-ნაფმა და კიდევ ერთი ქვა დადო.

- ერთი შეხედეთ, მგლის როგორ ეშინია! – თქვა ნიფ-ნიფმა.

- ეშინია, რომ შეჭამენ! – დაამატა ნუფ-ნიფმა. და ძმები კიდევ უფრო გამხიარულდნენ.

- აქ მგლებს რა უნდა? – თქვა ნიფ-ნიფმა.

- არანაირი მგლები აქ არ არის! ნაფ-ნაფი უბრალოდ მხდალია! – დაამატა ნუფ-ნუფმა. და ორივემ ხტუნვა და სიმღერა დაიწყო:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.

მათ ნაფ-ნაფის გამოწვევა სურდათ, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა.

მაშინ ნიფ-ნიფმა ძმას უთხრა:

- წავიდეთ, ნუფ-ნუფ. აქ არაფერი გვესაქმება!

და ორი გულადი ძმა სასეირნოდ წავიდა. გზაზე სიმღერ-სიმღერითა და ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდნენ, ხოლო როცა ტყეში შევიდნენ, ისეთი ბასტი-ბუბუ ატეხეს, რომ ნაძვის ქვეშ მძინარე მგელს გაეღვიძა:

- რა ხმაურია? – უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ბოროტმა და მშიერმა მგელმა და იმ ადგილისაკენ წაძუნძულდა, საიდანაც ორი პატარა, სულელი გოჭის ჭყივილი და ღრუტუნი მოისმოდა.

- აქ მგლებს რა უნდათ! – ამბობდა ამ დროს ნიფ-ნიფი, რომელსაც მგელი მხოლოდ ნახატებზე ენახა.

- აი, ცხვირში ვწვდებით და სეირს ვუჩვენებთ! – დაამატა ნუფ-ნუფმა, რომელსაც ასევე არასოდეს ენახა ცოცხალი მგელი.

და გახალისებულმა ძმებმა კვლავ შემოსძახეს სიმღერა:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.

და უცებ მათ დაინახეს ნამდვილი, ცოცხალი მგელი!

ის დიდი ხის ქვეშ იდგა და ისეთი საშიში გამომეტყველება, ისეთი ბოროტი თვალები და იმხელა კბილები ჰქონდა, რომ ნიფ-ნიფსა და ნუფ-ნუფს ჟრუანტელმა დაუარა და კუდები აუცახცახდათ. საბრალო გოჭები შიშისაგან გაშეშდნენ.

მგელი ნახტომისათვის მოემზადა, კბილები დააკრაჭუნა, თვალები დააბრიალა, მაგრამ გოჭები უცებ გონს მოვიდნენ, ტყიდან გაიჭრნენ და თავთავიანთი სახლებისკენ მოკურცხლეს. ასე სწრაფად არასოდეს ურბენიათ.

ნიფ-ნიფმა პირველმა მიირბინა თავის ლერწმის ქოხთან, ძლივს შეასწრო შინ და მგელს კარი ზუსტად ცხვრიწინ მიუხურა.

- ახლავე გამიღე კარი! – დაიღრიალა მგელმა. – თორემ ნამსხვრევებად ვაქცევ!

- არა, - დაუღრუტუნა ნიფ-ნიფმა, - არ გაგიღებ!

კარს მიღმა საშიში მხეცის სუნთქვა ისმოდა.

- ახლავე გააღე! – კვლავ დაიღრიალა მგელმა. – თორემ ისე შევუბერავ სულს, რომ შენი სახლი ჰაერში აფრინდება!

მაგრამ ნიფ-ნიფს შიშისაგან ენა ჩაუვარდა. მაშინ მგელმა სული შებერვა დაიწყო: ფ-ფ-ფ-უ-უ-უ!...

სახლის სახურავიდან აფრინდნენ ლერწმის რტოები, სახლის კედლები აჭრიალდა.

მგელმა მეორედაც შეუბერა სული და როცა მესამედ შეუბერა, სახლის ნარჩენები სხვადასხვა მხარეს გაფრინდა, თითქოს ურაგანი დატყდომოდა თავს. მგელმა გოჭს ზუსტად ცხვირწინ დაუკრაჭუნა კბილები, მაგრამ ნიფ-ნიფი მოხერხებულად დაუძვრა ხელიდან და გაიქცა, ერთ წუთში უკვე ნუფ-ნიფის კართან იდგა.

ძმებმა კარის დაკეტვა ძლივს მოასწრეს, რომ მგლის ხმაც მოისმა:

- ახლა კი ორივეს გადაგსანსლავთ!

ნიფ-ნიფმა და ნუფ-ნუფმა შიშით გადახედეს ერთმანეთს. მაგრამ მგელი ძალიან დაღლილი იყო და გადაწყვიტა ხერხი ეხმარა.

- გადავიფიქრე! – გოჭების გასაგონად განგებ თქვა ხმამაღლა. – არ შევჭამ ამ გაჩხიკინებულ გოჭებს! სჯობს, სახლში წავიდე!

- გაიგონე? – ჰკითხა ნიფ-ნიფმა ნუფ-ნუფს. – თქვა, რომ არ შეგვჭამს! ჩვენ გაჩხიკინებულები ვართ!

- ძალიანაც კარგი! – თქვა ნუფ-ნუფმა და მაშინვე შეწყვიტა კანკალი.

ძმები ძალიან გახალისდნენ და, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, სიმღერა შემოსძახეს:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.

მგელი კი წასვლას სულაც არ ფიქრობდა. ის უბრალოდ გვერდზე გავიდა და დაიმალა. ძალიან ეცინებოდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ახარხარებულიყო. რა მარჯვედ მოატყუა ეს ორი სულელი, პატარა გოჭი!

როცა გოჭები სავსებით დამშვიდდნენ, მგელმა ცხვრის ქურქი აიღო და ფრთხილად მიუახლოვდა სახლს. კარებთან ქურქში გაეხვია და წყნარად დააკაკუნა.

ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი ძლიერ შეშინდნენ.

- ვინ არის? – იკითხეს მათ და კუდები ისევ აუცახცახდათ.

- ეს მე-ე-ე ვარ, საწყალი პატარა ბეკეკა! – დაიწრიპინა მგელმა წვრილი, უცხო ხმით. – შემომიშვით და ღამე გამათენებინეთ, ფარას ჩამოვრჩი და ძალიან დაღლილი ვარ!

- შემოვუშვათ? – ჰკითხა ძმას კეთილმა ნიფ-ნიფმა.

- ბეკეკას შემოშვება შეიძლება! – დათანხმდა ნუფ-ნუფი. – ბეკეკა ხომ მგელი არ არის!

მაგრამ როცა გოჭებმა კარი გამოაღეს, იქ ბეკეკა კი არა, კბილებდაკრეჭილი მგელი იდგა. ძმებმა სასწრაფოდ მიაჯახუნეს კარები და მთელი ძალით მიაწვნენ, რომ საშიში მხეცი არ შემოვარდნილიყო.

მგელი ძალიან გაბრაზდა, გოჭების მოტყუება რომ ვერ შეძლო. ცხვრის ქურქი მოისროლა და დაიღრიალა:

- აბა, დამაცადეთ! ამ სახლისაგან აღარაფერი დარჩება!

და სული შებერვა დაიწყო. სახლი ოდნავ შეირხა. მგელმა შეუბერა მეორედ, მესამედ, მეოთხედ.

სახურავიდან აფრინდნენ ფოთლები, აჭრიალდნენ კედლები, მაგრამ სახლი ჯერ კიდევ იდგა.

და როცა მგელმა მეხუთეჯერ შეუბერა სული, სახლი დაიშალა, მხოლოდ კარი იდგა რამოდენიმე ხანს ნანგრევებს შორის.

გულგახეთქილი გოჭები თავქუდმოგლეჯილნი გაიქცნენ. შიშისგან მუხლები ეკვეთებოდათ, ყველა ნაკვთი უკრთოდათ, ცხვირები გამოუშრათ. ძმები ნაფ-ნაფის სახლისაკენ გარბოდნენ.

მგელი უზარმაზარი ნაბიჯებით მისდევდათ. ერთხელ ნიფ-ნიფს უკანა ფეხშიც კი სწვდა, მაგრამ ის დროულად გათავისუფლა მგლის კლანჭებისაგან და ფეხს აუჩქარა. ფეხს აუჩქარა მგელმაც. ის დარწმუნებული იყო, რომ გოჭები ვეღარ დაუსხლტებოდნენ.

მაგრამ არც ამჯერად გაუმართლა.

გოჭებმა სწრაფად ჩაუქროლეს ვაშლის ხეს ისე, რომ არც შეხებიან, მგელმა კი თავი ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ხეს შეეჯახა; ხიდან უამრავი ვაშლი ჩამოცვივდა. ერთი მაგარი ვაშლი მგელს თვალებს შუა დაეცა და შუბლზე უზარმაზარი კოპი დააჯდა.

ცოცხალ-მკვდარი ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი კი ამასობაში ნაფ-ნაფის სახლთან მიიჭრნენ.

ძმამ სახლში შეიყვანა. საბრალო გოჭები ისე შეშინებულიყვნენ, რომ ხმას ვერ იღებდნენ. ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რომ ძმებს მგელი მოსდევდათ. მაგრამ თავის ქვის სახლში მას არაფრისა ეშინოდა. სწრაფად გადაკეტა ურდული, სკამზე ჩამოჯდა და ხმამაღლა შემოსძახა:

მგელი ჩვენ რას დაგვაკლებს,
თითსაც ვერ დაგვაკარებს,
რუხი მგელი, ცბიერი,
დადის ტყე-ტყე მშიერი.

მაგრამ ზუსტად ამ დროს კარზე კაკუნი მოისმა.

- ვინ არის? – მშვიდად ჰკითხა ნანფ-ნაფმა.

- ბევრს ნუ ლაპარაკობ! კარი გამიღე! – მოისმა მგლის უხეში ხმა.

- რას მელაპარაკები! არც ვიფიქრებ! – მტკიცედ მიუგო ნაფ-ნაფმა.

- აჰ, ასე ხომ?! აბა, დამაცადე! ახლავე სამივეს შეგსანსლავთ!

- აბა, მიდი! – უპასუხა ნფ-ნფმა ისე, რომ სკამზე არც შენძრეულა. მან იცოდა, რომ მტკიცე, ქვის სახლში არც მას და არც მის ძმებს საშიშროება არ ელოდათ.

მაშინ მგელმა ღრმად ჩაისუნთქა და სული ბერვა დაიწყო. მაგრამ რამდენიც არ უბერა, ერთ პატარა ქვასაც ვერ უყო ძვრა.

მგელი სულ გალურჯდა.

სახლი კი ციხე-სიმაგრესავით იდგა. მაშინ მგელმა კარებს დაუწყო ჯაჯგური, მაგრამ არც კარი დაემორჩილა.

გააფთრებულმა მგელმა სახლის კედლების ფხაჭნა და ქვების ღრღნა დაიწყო, მაგრამ ამით მხოლოდ კლანჭები და კბილები დაიმტვრია. მშიერ და ბოროტ მგელს ისღა დარჩენოდა, რომ კუდამოძუებული ტყეში დაბრუნებულიყო. მაგრამ უცებ სახურავზე თვალი მოჰკრა დიდ, განიერ მილს.

- აჰა! აი, ამ მილით მოვხვდები სახლში! – გაუხარდა მგელს.

ის ფრთხილად აძვრა სახურავზე და მიაყურადა. სახლში სიწყნარე იყო. „დღეს აუცილებლად შევჭამ ამ გოჭებს“, - გაიფიქრა მგელმა და მილში ჩაძვრა.

მაგრამ როგორც კი მილში ჩასვლა დაიწყო, გოჭებმა ხმაური გაიგეს. და როცა ბუხარში ცეცხლზე შემოდგმული ქვაბის სახურავზე ჭვარტლი დაიყარა, ჭკვიანი ნაფ-ნაფი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. სწრაფად მივარდა ქვაბს, რომელშიც წყალი დუღდა, და სახურავი გადახადა.

- მობრძანდით! – თქვა ნაფ-ნაფმა და ძმებს თვალი ჩაუკრა. ნიფ-ნიფი და ნუფ-ნუფი უკვე სრულიად დაწყნარებულიყვნენ და ბედნიერი ღიმილით შესცქეროდნენ თავიანთ გონიერ და მამაც ძამიკოს.

გოჭებს დიდხანს ცდა არ დასჭირვებიათ.

ბუხრისმწმენდელივით გამურულმა მგელმა პირდაპირ აქვარქვარებულ წყალში მოადინა ტყაპანი.

სიმწრისაგან თვალები შუბლზე აუხტა, მთელი კანი დაეფუფქა.

საზარელი ბღავილით, მგელი უკან ავარდა სახურავზე, იქიდან ძირს ჩაგორდა, სამ-ოთხჯერ გადაკოტრიალდა, ჩარაზულ კარებთანაც გაგორდა და ტყეში მოკურცხლა.

სამი ძმა კი, სამი გოჭი, შეჰყურებდნენ და უხაროდათ, რომ ასე მარჯვედ ასწავლეს ჭკუა ბოროტ, ყაჩაღ მგელს.

შემდეგ კი თავიანთი მხიარული სიმღერა შემოსძახეს:

ცის კიდემდე რომ იარო,
მოიარო მთა და ველი,
ჩვენი სახლის მსგავს მაგარ სახლს
ვერსად, ვერსად ვერ შეხვდებით.
არ გვაშინებს ელვა, ქარი,
არც მხეცების გვეშინია,
ჩვენი სახლი ხომ ქვის არის,
ზედ ურდული აყენია.

ამის შემდეგ ძმები მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ.

აი, სულ ეს არის, რაც სამი პატარა გოჭის – ნიფ-ნიფის, ნუფ-ნუფისა და ნაფ-ნაფის შესახებ ვიცით.